პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. მისი თქმით, დიდწილად გაზიარებულ იქნა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შემოთავაზება.
"12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სივრცეში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. საზოგადოებისთვის ცნობილია ევროკომისარ ვარჰეის შემოთავაზება კუთხით, რომელიც დიდ წილად იქნა გაზიარებული ქართული მხარის მიერ. საარჩევნო კანონმდებლობის წინამდებარე რეფორმა გულისხმობს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის განახლებულ წესს. გათვალისწინებულია, როგორც საპარლამენტო სივრცეში გადაწყვეტილების მიღება, ასევე, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი, რაც პრეზიდენტის კონკრეტულ ჩართულობას გულისხმობს.
რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის საქართველოსთვის ყველა წინაღობის შექმნა, იმ გზაზე, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი ჰქვია. ისინი არ მონაწილეობენ შესაბამისს პროცესებში, ბოიკოტს უცხადებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზას," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
"ჩვენ, ყველა სამართლიანი კრიტერიუმით ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუს და ვთვლი, რომ დღესაც საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევრორეკომენდაციების მიხედვით დიდი სამუშაო შესრულდა, ჩვენ გავაკეთეთ და შემოდგომის ბოლომდე კიდევ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
ვხედავთ ფრთას, რომელსაც არ უნდა რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაც იქნება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს იწყებს. "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, ხვალ საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებზე იმსჯელებენ. საუბარია, ცესკოს დაკომპლექტების წესზე. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება. თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.