დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად - სუსის ამ ინფორმაციაზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი სუსისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს მოითხოვს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საზოგადოებას აუცილებლად ექნება მკაცრი რეაქცია, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოდვა, რომელიც ფიქრობს სწორად რომ ქართველ ხალხს ექნება სათანადო, მკაცრი და გაბრაზებული რეაქცია იმაზე, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. პროტესტი რომ იქნება ეს არის ცხადი. "კარვების ქალაქში" ვცხოვრობდი 8 თვე ჩემს მოძრაობასთან ერთად. თუ პროტესტის მონაწილეები გადაწყვეტენ, რომ პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიღებულია და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ქუჩაში 24-საათიანი დგომა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. ასეთი ფორმა გამოხატვის, კონსტიტუციითაა დაცული," - ამბობს გიორგი მუმლაძე "კურიერთან" საუბრისას.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს" გიორგი ვაშაძე აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.
"ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი. ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან. ქართველ ხალს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა." საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუსი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.