პრემიერი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილი მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე წარსდგა.
„ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურებმა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ქვეყანაში კი 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით პრემიერ მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც 12 პუნქტიანი პრიორიტეტი განიხილეს.
"პირველი შეხვედრა იყო გერმანიის კანცლერთან, ბატონ შოლცთან. გერმანია ერთ-ერთი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადადგა ქვეყანამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, სადაც ასევე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს 12 პრიორიტეტზე და პრემიერ-მინისტრის მხრიდან აქცენტები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ძირითადი მოთხოვნები.
ბატონი ბორელის ვიზიტის შემდეგ განსაზღვრული იქნა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოკლე ვადიან პერიოდში უნდა შეასრულოს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაზიარებული პრეზიდენტისადმი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ერთის მხრივ, გადაიდგა და მეორეს მხრივ, უახლოეს მომავალში გადაიდგმება.ეს არის გზავნილი, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ევროპელი პარტნიორებისგან.
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან , რომელთანაც ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან გონიერ პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამტკიცდეს მშვიდობა და სტაბილურობა. მან ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა ამ მიმართულებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.