15 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
სირცხვილია, ხალხთან იყავითო მოგვიწოდებდეს ეს ფარჩაკი ვაშაძე, მიკროფონს არ აძლევენ ხალხთან მიტუზულ ამ ადამიანს - ალუდა ღუდუშაური

სიტყვიერი დაპირისპირება გიორგი ვაშაძესა და ალუდა ღუდუშაურს შორის - პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას" რუსული ინტერესების გატარებასა და მსახურებაში ადანაშაულებს.

"რას აკეთებს "ქართული ოცნება"?! პირდაპირ საბოტაჟში არის შესული ევროინტეგრაციის პროცესში. რატომ?! იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ. დიახ, რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა მისი სანქცირების შემდგომ რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს იცავ საქვეყნოდ და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ გაატარო 12 პუნქტიანი რეფორმები. ყველას გაქვთ ძალიან მარტივი არჩევანი, ან დგახართ ძლიერ სახელმწიფოსთან, ქართველ ხალხთან ერთად და ევროკავშირის მხარეს, ან დგახართ რუსეთის მხარეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფით პასუხობს - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ვაშაძის "დედასამშობლო" "ნაციონალური მოძრაობაა.

"სირცხვილია, ხალხთან იყავითო მოგვიწოდებდეს ეს ფარჩაკი ვაშაძე. თვითონ სად დგას?! მიკროფონს არ აძლევენ ხალხთან მიტუზულ ამ ადამიანს, მიტუზული, სადაც არის მისი დედაბუნება თუ დედასამშობლო, მისი წიაღი "ნაციონალური მოძრაობაა", ეს არის მისი ღირსების საქმე. შეკრებილი ეს კოჰორტა დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი. ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი.

რა საქმე აქვს ამათ თავისუფალ ადამიანთან, ადამიანის უფლებებთან, რა საქმე აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენი ქვეყანა ადვილად გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ კანდიდატის სტატუსი გვქონოდა. გავაკეთებთ ყველაფერს. ჩვენი მომავალი არის ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები