15 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
მმართველი გუნდის თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ბრალდებები, მეტ მტკიცებულებებს საჭიროებს - როგორია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხი, სუს-ში მოკვლევიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, სამართლებრივი შეფასების შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ძალოვანმა უწყებამ დღეს სპეციალურ განცხადებაში განმარტა, რომ ფარცხალაძეს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ანუ 2013 წლიდან, პროკურატურის საქმიანობასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური ძალა დეზინფორმაციას ავრცელებს და უწყების დისკრედიტაციას ცდილობს.

ფარცხალაძის საკითხით პარლამენტის სხდომაზე დღეს ოპოზიცია განსაკუთრებით აქტიურობდა. ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

ხელისუფლების ოპონენტებს, ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზებზე დღეს კითხვები არ ჰქონიათ. ოპოზიციის ნაწილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას უკვე დადასტურებულ ფაქტად და ხელისუფლებისთვის მორიგი ბრალდების წაყენების მიზეზად თვლის. მათ არგუმენტებს ანტისახელმწიფოებრივად აფასებს უმრავლესობა.

სესიაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ოთარ ფარცხალაძის საკითხს სხდომათა დარბაზის გარეთ მედიასთან გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ბრალდებები მტკიცებულებებს საჭიროებს. მმართველი პარტიის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ შესულა.

სამშაბათის ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები, პარლამენტში დღეს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დღის ამბები