15 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მიმართა - არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცესკო ვერ შედგეს როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, რაც არის თქვენი ინტერესის საგანი

ჯერ ერთი, კონსენსუსი არ არის ის პრინციპი, რომლითაც თანამდებობის პირები აირჩევიან პარლამენტებში, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. გარდა ამისა, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებსაც რეალურად უფლებამოსილების სტანდარტული ვადა აქვთ გასული ამდენი ხანია, არ არიან არჩეული სათანადო ვადით საკუთარ თანამდებობებზე, რადგან თქვენ არ დაუჭირეთ მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა სათანადოდ ჩაატარეს საერთო ეროვნული არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები. თქვენი მხრიდან იყო ნული კრიტიკა, არავითარი საბაბი არ გქონდათ კრიტიკის, ამის მიუხედავად მათ არ დაუჭირეთ მხარი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კანონპროექტის განხილვის დროს, ოპოზიციისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ოპოზიციამ შეიძლება, მხარი დაუჭიროს ასეთ პოზიციებზე, ცესკო იქნება, სახალხო დამცველი თუ ნებისმიერი სხვა, ესენი არიან უცხოელი აგენტები.

"ვინმე თუ არ არის უცხოელი აგენტი, გამორიცხულია, თქვენ მას დაუჭიროთ მხარი. სწორედ ამიტომ, არ დაუჭირეთ მხარი ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს, სწორედ ამიტომ არ დაუჭირეთ მხარი სახალხო დამცველის პოზიციაზე ლევან იოსელიანს. სად გქონდათ არგუმენტები ან სახალხო დამცველის შემთხვევაში, ან ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის შემთხვევაში. იქით აბულინგებდით საკუთარ კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან იოსელიანს. ეს არის თქვენი დამოკიდებულება და ასეთ დროს რომელ კონსენსუსზეა საუბარი, თვითონ ხართ უცხოელი აგენტები და ერთადერთი ვისაც უჭერთ მხარს, ეს არის თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტები. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცესკო ვერ შედგეს როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, რაც არის თქვენი ინტერესის საგანი", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

"თქვენ ცდილობთ, ამ ჩარჩოებიდან გაიყვანოთ ინსტიტუტები და ჩვენ ვერ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ამიტომ, ცესკო უნდა იყოს სათანადოდ დაკომპლექტებული და არჩევნები უნდა ჩატარდეს სათანადოდ, მაღალი ხარისხით, როგორც ეს იყო უზრუნველყოფილი წინა შემთხვევებში. 2012 წლამდე გვახსოვს, რა უბედურება ხდებოდა არჩევნების ჩატარების დროს. ყალბდებოდა ყველა არჩევნები. 2012 წლის შემდეგ ეს პრაქტიკა შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგი არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი ხარისხით. სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც დღეს არის დაინიცირებული. არის რამდენიმე, პირდაპირ ვიტყვი, მახინჯი ნორმა და ეს ნორმები სწორდება საარჩევნო კოდექსში. მადლობა ამისთვის კოდექსის პროექტის ავტორებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები