15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
პოტენციური ნაღმი, რომ შეიძლება ამ სანქციების რეჟიმიდან ისევ გამოვიდეთ, თუ რომელიმე სხვა ჩვენს მოქალაქეს ეს შეეხება, რჩება - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, დღის ბოლოს გადაუგზავნა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია". ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება.

ფარცხალაძის თემა კვლავ განიხილება პოლიტიკურ წრეებში - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დასკვნაზე ხელის მოწერით არაფერი შეიცვლება და ფარცხალაძე მაინც რჩება რუსეთის აგენტად.

“მას აღარა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ გადაწყვეტილება, თურმე იუსტიციის სამინისტროს დრო მოუწია იმის, რომ უკვე გაეგზავნა წარმოების შემდეგ დოკუმენტი და პრეზიდენტს მიეღო გადაწყვეტილება. ეს იყო მიზნობრივად გაყვანილი დრო. ამით არაფერი არ შეცვლილა. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იუსტიციის სამინისტრომ და შემდგომ პრეზიდენტმა დაადასტურა, ამით რა შეიცვალა, რომ ფარცხალაძე აღარ არის რუსეთის აგენტი?“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, "გირჩში" მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ყველაზე მარტივი და სწორი იყო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

„ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იყო ამ სიტუაციიდან იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ყველა მხარე სახეს ინარჩუნებს რაღაც გაგებით და სიტუაცია უბრუნდება ნორმალურ ვითარებას. პოტენციური ნაღმი, რომ შეიძლება ამ სანქციების რეჟიმიდან ისევ გამოვიდეთ თუ რომელიმე სხვა ჩვენს მოქალაქეს ეს შეეხება, რჩება და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ყოველთვის იქნება დამატებითი პრობლემის წყარო,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები