საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ნანა ყეენიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკს და დაამტკიცა მათი კანდიდატურები 84 და 82 ხმით.
პარლამენტმა საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი უყარა მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს შეთანხმებული კანდიდატების წარდგენაზე.
"როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება შესაბამისი ბრძანება და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო,"- აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.