ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, დღის ბოლოს გადაუგზავნა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია".
ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება.
თემაზე დილიდან კეთდება შეფასებები - ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა ადეკვატური გადაწყვეტილებაა, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს პრობლემას ვერ აღმოფხვრის და მთავარია ყველა კითხვას ფარცხალაძის საქმის გარშემო პასუხები გაეცეს.
„მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს უწყდება მოქალაქეობა, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას, უკვე რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული? ის არის მხილებული რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში. სუსი და ყველა სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც არ აკავებენ რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, პირდაპირ საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ,“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა აღნიშნულ ვითარებაში როგორც ფარცხალაძისთვის, ასევე "ოცნებისთვის" საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით, ფარცხალაძე საქართველოს იურისდიქციას არ დაექვემდებარება და მის მიმართ რაიმე საგამოძიებო მოქმედებები ვერ განხორციელდება.
„დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ვითარებაში თავად ფარცხალაძისთვის და „ოცნებისთვის“ იდეალური გამოსავალია. ამ გადაწყვეტილებით, ოთარ ფარცხალაძე გადის საქართველოს იურისდიქციიდან და პრაქტიკულად გამოირიცხება მის მიმართ საგამოძიებო, საპარლამენტო ან სხვა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.
ჩვენი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს წერილობით მოსაზრებას, გამოიყენებს ე.წ. სასამართლო მეგობრის ბერკეტს უკვე დაინიციირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმებას ითხოვს,“ - განაცხადა ”საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა.