ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს.
თემაზე დილიდან კეთდება შეფასებები - მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება და თვლის, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ხელოვნურად ცდილობს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად გუშინ ნათქვამი უამრავი ტყუილისა, ოპოზიციამ 200-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში ვერ გამოიყვანა.
"გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეროვნულმა ბანკმაც და იუსტიციის სამინისტრომაც იმოქმედეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ერთ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა დადებითი რეგულაცია, მეორე შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა მისთვის უარყოფითი რეგულაცია. არსად არ იყო გადაფარება.
გუშინ ამდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, ატყუებდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას. 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ და საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილი უთხრეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ ისეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ, რეალურად 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, დღის ბოლოს გადაუგზავნა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია".
ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება.