ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, სალომე ზურაბიშვილს ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 24 საათის წინ გადაეგზავნა. მიმართვის ჩაბარებამდე ცნობილი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის დოკუმენტს მიღებისთანავე დააკმაყოფილებდა. რატომ აჭიანურებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, მმართველი პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ის შესაძლოა მუხტის შენარჩუნებას ცდილობდეს.
მოქალაქეობის შეწყვეტაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. ერთადერთი განცხადება, რომელიც დღის ბოლოს გამოაქვეყნეს, სალომე ზურაბიშვილსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრას ეხებოდა. პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის და ბრიტანეთის ელჩებს და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, სადაც მხარეებმა ფინანსურ სანქციებსა და ეროვნულ ბანკზე ისაუბრეს. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია, ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი დღესვე საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელსაც შეხვდა და ამ შემთხვევაშიც განხილვის თემა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო.
ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილების გაუქმების მოთხოვნით, ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. ცვლილების მიხედვით, საფინანსო სისტემაში საქართველოს მოქალაქეს სანქცია იმ შემთხვევაში შეეხება, თუ ქართული სასამართლო პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ხელისუფლების ოპონენტები სწორედ ამ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენას ითხოვენ.
მმართველი პარტიაში უჭირთ ახსნა, რატომ ცდილობენ ოპონენტები ეროვნული ბანკის წესებში ცვლილება ანტიკონსტიტუციურად წარმოაჩინონ. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტის გადაწყვეტილების მოტივი ერთადერთი იყო და ის სწორედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უკავშირდება.
ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დანარჩენი ოპოზიციისთვის არასაკმარისი ქმედებაა. ხელისუფლების ოპონენტები ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. ამბობენ, რომ მძიმე ბრალდების ფონზე გაუგებარია რატომ არ აკავებენ ყოფილ მაღალჩინოსანს.
ოპონენტების განცხადებები მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებით, საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა. ”ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ მოქალაქეების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას კონკრეტული მიზანი აქვს და ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება.
ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხი, მეორე დღეა პარლამენტში ხმაურის მიზეზია. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო. სხდომის დაწყების დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ხათუნა სამნიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის. ინციდენტი მანდატურებმა განმუხტეს და ხათუნა სამნიძეს დარბაზი დაატოვებინეს.