მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ 2010-12 წლებში, ყოფილი პრეზიდენტის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა მოგზაურობა, თუნდაც საკურორტო ზონებში, სწორედ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ დოკუმენტების განსაიდუმლოების შემდეგ, გიული ალასანიამ, კურიერთან პირველად დაადასტურა, რომ ვოიაჟებში, რიგ შემთხვევებში, სააკაშვილს თავადაც დაჰყვებოდა, თუმცა, უარყო, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს მილიონობით ლარი დაუჯდა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობებს ”ნაციონალურ მოძრაობაშიც” ადასტურებენ, თუმცა, პარტიაში ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ვოიაჟები არაღიარების პოლიტიკის ნაწილი იყო. ამტკიცებენ იმასაც, რომ ნიცაში, სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით არა დასასვენებლად, არამედ ეროვნული ინტერესების გამო გაემგზავრა.
ის, რაც ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ეროვნული ინტერესია, სახელისუფლებო გუნდისთვის საბიუჯეტო სახსრების პირადი მიზნებით გამოყენებაა. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ფაქტს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს.
ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ბიუჯეტის პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ უკვირს. ხელისუფლების ოპონენტებს ახლა აქვთ იმის მოლოდინი, რომ საკითხით საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდება, თუმცა ფიქრობენ, რომ საქმეზე წარმოების დაწყება უკვე დაგვიანებულია.
”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ექს-პრეზიდენტის გართობაში გაფლანგული მილიონები სააკაშვილისთვის მორიგი ბრალის წარდგენის წინაპირობა უნდა გახდეს.
თავდაცვის სამინისტროსა და ჯორჯიან ეარვეისს შორის, 24 მილიონიანი გასაიდუმლოებული ხელშეკრულება, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაფორმდა. ეს ფაქტი, კურიერს რამდენიმე დღის წინ, ჯორჯიან ეარვეისის დირექტორმაც დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა წელიწადში დაახლოებით 100 კერძო ვიზიტს ახორციელებდა, რაშუც, 2010-12 წლებში ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. .