15 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
არასოდეს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი - მიხეილ სააკაშვილი

მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი ,- ამის შესახებ ემსჯავრდებული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი დასჯა საქართველოს სირცხვილია.

"დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო - მსჯიან და მკლავენ იმიტომ,რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკის პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში. მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს. მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე. მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, განათლების სისტემაში კორუფცია დავასრულე. მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი!,"- მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს შორის არის ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმე. პროკურორის თქმით, “სააკაშვილს ფუფუნებისთვის, ეპილაციის, ბოტოქსის, გამაჯანსაღებელი პროცედურების, მკერდით ხატვის სერვისისთვის აქვს გახარჯული თანხები“. “რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით,190 000 ლარი პირადი ესპანელი მზარეული რომ დაექირავებინა; 600 000 ლარამდე არის გახარჯული ეპილაციაზე, ბოტოქსების გაკეთებაში და გამაჯანსაღებელ პროცედურებში.

ყველა ამ მტკიცებულებით, უტყუარად დასტურდება, რომ ეს ხარჯები არანაირ მიზნობრივ მიზანს არ ემსახურებოდა. ახალ წლებზე თვითონ თავის მეგობრებთან ერთად მიდიოდნენ დუბაიში და ძვირადღირებულ, ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებდა მეგობრებთან ერთად და ასეთი ხარჯი მაგალითად, მხოლოდ ერთ შემთხვევაში 250 000 ლარია“, - აცხადებს საქმის პროკურორი. ბრალდების მხარის მიერ საქმეში სხვა ხარჯებთან ერთად წარმოდგენილია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას მშობლების კანადიდან ტრანსპორტირების და უკან გამგზავრების ხარჯები, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლო გარემოცვის მოგზაურობები მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე.

დღის ამბები