თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია გლდანში განვითარებულ პროცესებთან კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია.
ოთარ გრიგოლია დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და მათ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. პირველ რიგში მინდა, ირაკლი ეძგვერაძეს და ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელება ვუსურვო. გამოძიება უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უმოკლეს ვადებში დადგინდება. საკრებულოს სხდომაზე მწვავე განცხადებები და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა საკრებულოს შენობის გარეთ ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია. მხოლოდ ამის გამო ისრების ჩვენკენ გადმოტანა არასწორია. ვფიქრობ, აქ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას დაადგენს. ჩვენს ინტერესებში შედის ის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამ პროცესში კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცალსახად გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ, ვუსურვებ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას და მოვუწოდებ მათ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.