15 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონებისა და კანონპროექტების შეფასება სთხოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონებისა და კანონპროექტების, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა. შესაბამისი წერილი შალვა პაპუაშვილმა კლერ ბაზი მელორის ორი დღის წინ გაუგზავნა.

ოპოზიცია ვენეციის კომისიიდან ობიექტური შეფასების მოლოდინშია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ რეკომენდაციების შემდგომ სასურველი შედეგის მისაღებად ევროპელ კოლეგებთან კოორდინირებულ მუშაობას გააგრძელებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ელის, რომ ევროკომისიის დასკვნა ობიექტური იქნება.

"ველოდები, რომ ევროკომისიის დასკვნა ობიექტურად ის იქნება, რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" და ამ შემთხვევაში ნაწილობრივი შესვენება იქნება და არა სრულყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ეცდება უსამართლოდ წარმოაჩინოს ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღიად გვითხრეს - რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობას და უმრავლესობას ჰქონდა დრო", - განაცხადა თეონა აქუბარდია.

მმართველი გუნდის ლიდერი არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როგორც კი მიიღებენ ევროკომისიისგან შეფასებებს, აქტიურად დაიწყებენ რეფორმების გატარებას.

"ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში აკეთებს დემონსტრირებას, რომ გვაქვს გახსნილი პოზიცია თანამშრომლობისთვის და ყველა ევროპულ ინსტიტუტთან, ვისი კომპეტენციაც არის დემოკრატიული რეფორმების შეფასებაში. ახლაც, როცა ევრო რეკომენდაციებს ეხება საკითხი ჩვენ პროაქტიულად გადავაგზავნეთ ეს დოკუმენტები, რათა სალაპარაკო არ იყოს და სპეკულაციისთვის სივრცე არ დარჩეს. როგორც კი მივიღებთ შეფასებებს, რა თქმა უნდა, ევროპელებთან შეთანხმებით გავაკეთებთ ამ რეფორმებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები