15 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
ეს მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან გვაქვს საქმე - გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

მორიგი დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ასეთი შეფასება მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. 

დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიღებული "რუსული გადაწყვეტილება" - საქართველოს შესაძლო "შავ ხვრელად" ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აქვე განმარტებულია ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით - "პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები".

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენს და ამ გადაწყვეტილების აბსურდული არგუმენტებით გამართლება მიუღებელია.

"სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა?! სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პარასკევს უცებ გამოგვეცხადეთ და გვითხარით, არა ბატონო, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა. მე ეს მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ამ აბსურდულ არგუმენტებს არ ვიღებთ. ჩამოყალიბდით, ხართ ჯაშუში, აგენტი ფარცხალაძის მცველი თუ ხართ საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი. ეს არის გადამწყვეტი საკითხი, აბსურდი და სისულელეა ყველა არგუმენტი, რაც თქვენ მოგაქვთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მათთვის სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა აბსოლუტურად მისაღებია და მთავარია, რომ ის კანონმდებლობას არ არღვევს.

"მისი ეს პოლიტიკური ლოგიკა, ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია და აბსოლუტურად შეგნებულად არ შევდივართ იმის განხილვაში ეს სწორია თუ არასწორია. მთავარი არის ის, რომ მისი მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა არ ხდება. ამიტომ, იმის თქმა, რომ დღეს ვინმე რამეს არღვევს არასწორია. მას აქვს კანონით განსაზღვრული ვადები",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები