15 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და ველოდებით ისეთივე პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში - შალვა პაპუაშვილი

რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას ველოდებით, როგორიცაა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, ნიკოლაე-იონელ ჩუკასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, პაპუაშვილის განცხადებით, ორივე ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს.

"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა. ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწერეთ რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს. ჩვენ ხაზი გავუსვით ქართულ-რუმინული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავ ზღვაში დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად, რათა, დღევანდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში, გავაძლიეროთ ევროპის მედეგობა და ენერგოდამოუკიდებლობა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის, რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში. შეხვედრის ფარგლებში, მე, ასევე, ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ამ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და დღესდღეობით მოველით რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში. აღნიშნული დაგვეხმარება ჩვენ და მთელ რეგიონს, წარმატებით გავუმკლავდეთ წარსულის გეოპოლიტიკურ შეცდომებს და მტკიცედ დავადგეთ ევროპული მომავლის გზას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები