პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მარკინ პჟიდაჩის განცხადებით, უკრაინის ქმედებები, პოლონეთთან მარცვლეულის კონფლიქტთან დაკავშირებით "უსამართლო და საზიანოა მრავალი პოლონელისთვის" და თუ კიევს არ სურს ვარშავასთან მეგობრობა, არავინ აიძულებს.
მისი თქმით, უკრაინა თავად უნდა იყოს დაინტერესებული პოლონეთთან სტაბილური ურთიერთობებით.
"ყველა ჩვენგანის ინტერესშია და ეს უკრაინელებმაც უნდა გაიგონ, თავიანთი თავის განცალკევება არ მოახდინონ, რადგან ამით სარგებლობს მხოლოდ მესამე აქტორი, მოსკოვის სახით," - განაცხადა მარკინ პჟიდაჩმა.
მისი თქმით, უკრაინა დაინტერესებული უნდა იყოს პოლონეთთან სტაბილური ურთიერთობებით, რადგან ის ახლა გასაჭირში იმყოფება.
"ჩვენ ვართ ნატო-ში, გვყავს ძლიერი არმია, ჩვენ ვართ ევროკავშირში, გვაქვს საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი ქვეყანა. დღეს გასაჭირში უკრაინაა," - აღნიშნა მარკინ პჟიდაჩმა და დასძინა, რომ სწორედ უკრაინამ უნდა იზრუნოს მხარდაჭერის შენარჩუნებაზე.
"თუ მას ეს არ სჭირდება, მაშინ ძალით არაფერი გამოვა," - აცხადებს პჟიდაჩი.