15 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
მნიშვნელოვანია, აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან ეს რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუმინეთში სენატის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან ევროინტეგრაციის მიმართულებით რუმინეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანას ამისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრა ევროპის 12 დათქმის შესრულების დინამიკაზეც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და არის მოლოდინი რომ ეს ძალისხმევა დაფასდება.

პაპუაშვილის თქმით, მადლიერი არიან რუმინული მხარის მიერ საქართველოს მხარდამჭერი თითოეული ნაბიჯისა და განცხადებისთვის.

"აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისად დაფასდება. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, ვთხოვ ჩემს რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს. საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები