15 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ ართმევს - რატომ არის გაუგებარი პრეზიდენტის არგუმენტები ოპოზიციისთვის და რას დაუპირისპირებს ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს "ოცნება"

პრეზიდენტის მხრიდან ოთარ ფაცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, მმართველი პარტიისთვის სამართლებრივი მიზნებისგან შორსაა. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესისთვისაა გათვლილი და საკითხის დღის წესრიგში ხელოვნურად დატოვების მცდელობაა.

სალომე ზურაბიშვილი ბრალდებებს მხოლოდ წერილობით ფორმით პასუხობს. მორიგი განცხადება, ამჯერადაც ადმინისტრაციამ გაავრცელა, მათი განცხადებით, ისინი ამ ფრომით ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმაურებიან. ზურაბიშვილის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს, მაგალითისთვის "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 26-ე მუხლი მოჰყავთ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საკითხის გადასაწყვეტად 3 თვიანი ვადა აქვს.

სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები გაუგებარია ოპოზიციისთვის. პარტიები ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მისთვის ქართული პასპორტის შენარჩუნებას სამართლებრივი დატვირთვა ვერ ექნება და ეს პრივილეგია უფროა. პოლიტიკური ძალების ნაწილმა ზურაბიშვილი შეცვლილი პოზიციის გამო, შესაძლო გარიგებაში დაადანაშაულა.

კოლეგა პარტიებისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას დღეს მხოლოდ "გირჩებში" და გიორგი გახარიას გუნდში იზიარებენ. ამ საპარლამენტო ჯგუფებში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური ლოგიკა მათთვის გასაგებია.

4 დღეში 2 ჯერ შეცვლილი გადაწყვეტილების გამო, მმართველი პარტიას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნდობა საზოგადოებაში კიდევ უფრო დაკარგა. ”ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტის ასეთი მიდგომების გამო ფიქრობენ, რომ მისი მიზანი არა სახელმწიფო ინტერესის დაცვა, არამედ მისი დაზიანებაა.

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნა, პრეზიდენტმა 19 სექტემბერს მოითხოვა, 20-ში ადმინისტრაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დოკუმენტაცია ჩაბარდა 2 დღიანი დუმილის შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალა და მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია ყოფილი მაღალჩინოსნისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა.

დღის ამბები