15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
რამდენად მყარია რუმინეთის პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციაზე - რა განცხადებები გაკეთდა ბუქარესტიდან შალვა პაპუაშვილის ვიზიტის დროს

შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და მთავარი საკითხი - მხარდაჭერა ყველაზე საჭირო დროს, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება. შალვა პაპუაშვილი ამჯერად ბუქარესტიდან მოუწოდებს ევროპას, სწორად შეაფასონ საქართველოს პროგრესი და ქვეყანას დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ.

ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რუმინეთში შეხვედრები აქვს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
დღეს გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია. შალვა პაპუაშვილი დღეს რუმინეთის სენატში სიტყვითაც გამოვიდა.

თბილისიდან ბუქარესტში ჩატანილი გზავნილი ასეთია: "დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნის არჩევანს, რომელიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნება."

თბილისი ბრიუსელისგან სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ელოდება და მოუწოდებს, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან. რუმინეთი თანახმაა. გარდა იმისა, რომ ბუქარესტს კარგად ესმის ამ საკითხის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,მის ინტერესშია ეკონომიკური საკითხიც: კერძოდ შავ ზღვაში ჩასადები კაბელი, რომელმაც აზია ევროპას საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს.

რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ განიხილეს შესაძლებლობის ფანჯარა, მხარი დაუჭიროს რუმინეთმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე.

მისივე თქმით, რუმინეთი საქართველოს მიერ წახალისებული ევროპული დღის წესრიგის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ღია მხარდამჭერია:

"დღევანდელი ვიზიტი ასახავს რუმინეთსა და საქართველოს შორის კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას, მათ შორის ჩვენს პარლამენტებს შორის. როგორც ცნობილია, რუმინეთი საქართველოს მიერ წახალისებული ევროპული დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ღია მხარდამჭერია. ჩვენი ქვეყანა იყო პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ევროკავშირისკენ რეფორმებს. მზად ვართ გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორის, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობის ფანჯარა, მხარი დაუჭიროს რუმინეთმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ძალისხმევას. იმედი გვაქვს, ევროპული საბჭო აღიარებს ამ ძალისხმევას. რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს, ამიტომ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის,"- განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.

დღის ამბები