15 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
შეიძლება გამოვიდნენ და თქვან, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა და მოდი იმპიჩმენტს მოვუწყობთ და საბოლოო ჯამში, გათამაშდეს "ოცნებისთვის" სასარგებლო თამაში - ანა ბუჩუკური ენმ-ზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მორიგ ჯერზე დაუჭიროს მხარი მმართველი გუნდის ინიციატივას და პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყოს.

ბუჩუკურის თქმით, ამას სალომე ზურაბიშვილზე "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის თავდასხმაც ადასტურებს.

"მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენო ბოლო პერიოდში არსებული პრეცედენტი, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ნაცმოძრაობის" ფრაქციის მხარდაჭერით "ოცნებამ" აირჩია მურუსიძის სამეგობრო და გააძლიერე ე.წ. კლანი. ასევე, თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელებში "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს, როდესაც ისინი ძალიან აქტიურად ესხმიან თავს სალომე ზურაბიშვილს. ძალიან მარტივი სურათი შეიძლება მივიღოთ, შეიძლება გამოვიდნენ და თქვან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა და მოდი იმპიჩმენტს მოვუწყობთ და საბოლოო ჯამში, გათამაშდეს "ოცნებისთვის" სასარგებლო თამაში," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღეს და ეს საკითხი მათთვის საინტერესო არ არის.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს. ამაზე უკეთ ყოველ მეორე დღეს გაცხადება უკვე არასერიოზულია. ახლა მე რომ წამოვდგე და ვთქვა, რომ გახარიამ შეიძლება ხმა მისცეს ამას ან რომელიმე სხვა პარტიამ, მაშინ თქვენ უნდა წახვიდეთ იმ ადამიანს კითხოთ და ეს თემა კიდევ გაგრძელდება. ეს თემა საინტერესო არ არის და ვწუხვარ, როდესაც კონკრეტული ადამიანები ეხმარებიან რუსულ პარტიას თემის აქტუალიზაციაში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები