ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ჩამოსულია გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ახალგაზრდების რევოლუციური სცენარისთვის მომზადება ევალება და სუს-ის მიერ სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვაზე დაბარება, უსაფუძვლო არ იყო.
მისი თქმით, სერბეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და თუ დადასტურდება რომ მისი მოქალაქეები საქართველოში არეულობის ორგანიზების მიზნით იყვნენ ჩამოსული, ეს ძალიან უსიამოვნო იქნება.
"მთავარი თემა არის შედეგის მიღწევა, რომ არ მიეცეს არანაირად კანდიდატის სტატუსი, რათა ამან შემდეგ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება გამოიწვიოს. ამ მიზნით არის ჩამოსული გარკვეული ჯგუფი, რომ ამ ვითარებაში მოამზადოს ახალგაზრდები გარკვეული ქმედებებისათვის. ამ ორგანიზაციის შინაარსიდან გამომდინარე, რომლის წევრებიც სუს-ში დაიბარეს და კიდევ უამრავი სხვა ნიშანი ახასიათებს იმ პროცესს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უსაფუძვლო მათი დაბარება ნამდვილად არ არის, რა საკვირველია, სერბეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ძალიან უსიამოვნო იქნება თუ კი არსებობს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სწორედ ამ მიზნისთვის იყო ორგანიზებული გარკვეული შეხვედრები და ამ ადამიანების ჩამოსვლაც, სწორედ ამ მიზანს უკავშირდებოდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.