06 ოქტომბერი 2024,   20:07
ვრცლად
საერთაშორისო მხარდაჭერა ისრაელს - რა გამოხმაურებები მოჰყვა ახალ ომს ახლო აღმოსავლეთში

“ჯერალდ ფორდის” შემდეგ, ისრაელის სანაპიროს ამერიკული “დუაიტ ეიზენჰაუერიც” მიადგება. ავიამზიდების პარტნიორთან გაგზავნის გადაწყვეტილებაზე, ვაშინგტონს ბევრი არ უფიქრია, რადგან ისრაელის მხარდაჭერაში ჩვეულებრივზე უფრო მკაფიოა. ამ სიცხადეს ომში მყოფ ქვეყანაში დღე-დღეზე ენტონი ბლინკენიც ჩაიტანს, მანამდე კი ისრაელში უკვე ჩავიდა ამერიკული სამხედრო ტვირთი - რაც ირანმა და “ჰესბოლამ” გაფრთხილებად უნდა მიიღონ.

ისრაელის პრემიერს, ტერორიზმთან ბრძოლაში ცივილიზებული სამყაროს მტკიცე მხარდაჭერა აქვს, რაც მას გარკვეულ “კარტ ბლანშსაც” აძლევს. სწორედ ამიტომ ჩათვალა ბრიუსელმა საჭიროდ ეთქვა, რომ ომშიც არსებობს წესები. ღაზაზე მიყენებული დარტყმების შემყურე, საგარეო და უსაფრთხოებით საკითხებში ევროკომისარმა, ისრაელს წესების ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

ლონდონის მსგავსად, ევროპის დედაქალაქებიდან ისრაელისკენ გეზი უკვე აღებული აქვს რამდენიმე დიპლომატს. მეორე ნაწილი კი ქვეყანას სოლიდარობას ადგილიდან უცხადებს, ასე იყო დღეს ევროპარლამენტშიც, სადაც შეკრებილებმა ისრაელის ჰიმნისა და წუთიერი დუმილის ფონზე სოლიდარობა დააფიქსირეს. ასე იყო ბუნდესთაგშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიისთვის ებრაელი ხალხის მხარდაჭერა სტრატეგიულ ინტერესად იქცა. ქვეყნებს მეტი სოლიდარობისკენ დღეს მოუწოდა ბრიუსელში მყოფმა ზელენსკიმაც, რომელიც ნატოელებს შეხვდა და მსოფლიო რუკაზე განახლებულ კიდევ ერთ ომზე ისაუბრეს.

ისრაელზე შეფასებები გააკეთა დღეს ზელენსკის მთავარმა მტერმაც. ვლადიმერ პუტინი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკული პოლიტიკის ჩავარდნად აღიქვამს და საკუთარ ხედვას აზიარებს. ამაზე პუტინი ერდოღანსაც ესაუბრა ტელეფონით, რომელსაც ამერიკული ავიამზიდების ხმელთაშუაზღვაში გაგზავნა პუტინის მსგავსად აფიქრებს. ანკარას ახლა ერთმორწმუნეების უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის საკითხში შუა ხაზის დაჭერა უწევს.

პუტინი ირანის დაცვასაც ცდილობს, აღნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში თეირანი არაფერ შუაშია. თუმცა, ირანის ფაქტორი რეგიონში აქტუალობას არ კარგავს. ცეცხლსაშიში რჩება პოლიტიკური გზავნილები ომში მყოფი ქვეყნის სხვა მეზობლებიდანაც. ისრაელი სარაკეტო დარტყმებს ცვლის ლიბანთან და ახლა უკვე სირიასთან. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, იორდანია პრევენციის მიზნით საკუთარი საზღვრების დაცვას აძლიერებს.

დღის ამბები