დედაქალაქი შემოდგომის მთავარ დღესასწაულს - "თბილისობას" აღნიშნავს. დილიდან, ხალხმრავლობაა რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე, სადაც სტუმრებისთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი.
მოქალაქეებისთვის საზეიმო განწყობის შესაქმნელად, ბევრი სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის - შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, დეკორაციები და ინსტალაციები, იმართება ღვინისა და ტკბილეულის ფესტივალი.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღესასწაული მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა.
"პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო დედაქალაქის მცხოვრებლებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქუჩაში ამდენი ადამიანია გამოსული. ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ულამაზესი ქალაქის დღეები იმართება. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე აბანოთუბანსა და რიყეზე. წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე, სადაც იმართება თეატრალური წარმოდგენები, განთავსებულია სივრცეები პატარებისთვის. ფაქტობრივად, ყველა თაობის ადამიანისთვის იმართება ღონისძიება, რაც სასიამოვნოა. გუშინ გვქონდა საპატიო თბილისელების დაჯილდოება. მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რაც ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას გავაგრძელებთ და შრომას ყველა პატივსაცემ ადამიანს დავუფასებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში. დღეს საღამოს გაიმართება გალაკონცერტი, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
"თბილისობის" დღევანდელი პროგრამა