06 ოქტომბერი 2024,   20:07
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთი არაბების საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა - თელ-ავივში კი ისრაელის მხარდასაჭერად ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან დასავლეთის ლიდერები

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ისრაელი უკვე დატოვა და იორდანიაში გაემგზავრა, ამანში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ენტონი ბლინკენმა დაგმო "ჰამასის" ამაზრზენი ტერორისტული აქტები, მიუსამძიმრა კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა პალესტინელი სამოქალაქო პირების ოჯახებს და გაიმეორა, რომ "ჰამასი" არ იცავს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებას ღირსებაზე, თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და თვითგამორკვევაზე.

ისრაელში ჩავიდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანიც. მან დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელის მტრებს, არ ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით და ხელი არ შეუწყონ ხელი კონფლიქტის გაფართოებას. ოსტინმა დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა და ყველა საჭიროების მიწოდების მზადყოფნა, იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას აგრძელებს.

ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, ისევ ძალაშია თუ არა 24 საათიანი ვადა, რომელიც ისრაელმა ევაკუაციისთვის, ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას მისცა. ისრაელის თავდაცვის მინისტრს ვადებზე არ უსაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს, ქალაქი ღაზა დატოვონ და სამხრეთით წავიდნენ.

ღაზაში მოსალოდნელ ოპერაციას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ხელიდან არ გაუშვია შანსი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისი, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" ნაცვლად, შეერთებული შტატებისთვის და ევროპისთვის დაებრალებინა. პუტინი, რომლის არალეგიტიმურად ცნობაზე დღეს მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, ამბობს, რომ პალესტინელი ხალხის ინტერესი დასავლეთს მხედველობაში არ მიუღია და ღაზაში სამოქალაქო მსხვერპლი დაუშვებელი იქნება.

ისრაელში სოლიდარობის გამოსათქმელად ჩავიდნენ ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. ევროპელმა ლიდერებმა თქვეს, რომ "ჰამასი" უნდა შეჩერდეს.

ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, მასობრივი დემონსტრაციები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის მხარდასაჭერად. ათასობით ადამიანი გამოვიდა ნიუ იორკში, ტოკიოში, სეულში, ბაღდადში, ყარაჩიში და სხვა ქალაქებში და პალესტინას სოლიდარობა გამოუცხადა.

ისრაელის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა შეერთებული შტატების არაერთ ქალაქში. "ჰამასის" თავდასხმების დროს ამერიკელებიც დაიღუპნენ და ვარაუდობენ, რომ ამერიკის მოქალაქეები ღაზაში დატყვევებულ მძევლებს შორისაც არიან.

დღის ამბები