06 ოქტომბერი 2024,   20:04
ვრცლად
ჩემი გზავნილი ყველას მიმართ იყო, რომ თუ აქვთ შესაძლებლობა შეამსუბუქონ ტკივილი, ეს უნდა გააკეთონ, თუ არ გააკეთებენ, დაკარგავენ ნდობას მსოფლიოს მასშტაბით - ჯოზეფ ბაიდენი ისრაელში ვიზიტის შესახებ

მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა ღაზის ტერიტორიაზე. დარტყმებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ცახალის განცხადებით, ბოლო 24 საათში ღაზაში ასობით ობიექტს დაარტყეს, სამიზნეები - "ჰამასის ინფრასტრუქტურა" იყო. პალესტინელების მხარეს, მსხვერპლი 3500-მდე გაიზარდა. ხოლო ისრაელს 1400-მდე დაღუპული ჰყავს.

ჯოზეფ ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შედეგად კი გადაწყდა, რომ ეგვიპტე თანახმაა რაფაჰის გადასასვლელი ჰუმანიტარული დახმარების შესატანად გახსნას. ისრაელი მზად არის ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს იმ პირობით, რომ ტვირთი "ჰამასის" ხელში არ აღმოჩნდება.

"ისრაელი სისასტიკის მსხვერპლი გახდა, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თუ მათ შეუძლიათ შეამსუბუქონ იმ ადამიანების ტანჯვა, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, მათ ეს უნდა გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება უსამართლოდაც ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ჩემი გზავნილი ყველას მიმართ ის იყო, რომ თუ აქვთ შესაძლებლობა შეამსუბუქონ ტკივილი, ეს უნდა გააკეთონ, წერტილი. თუ ამას არ გააკეთებენ, დაკარგავენ ნდობას მსოფლიოს მასშტაბით. ვფიქრობ, ეს ყველას ესმის. ისრაელში ვიზიტისას მსურდა იმაში დარწმუნება, რომ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ღაზის მოსახლეობა დახმარებას სწრაფად მიიღებდა. ეგვიპტის პრეზიდენტი სისი დამთანხმდა რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით. თუ ჰამასი ამ ტვირთის კონფისკაციას მოახდენს, ჰუმანიტარულ ტვირთს აღარ გავგზავნით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხისტი საუბრები გვქონდა," - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.  

ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ, ისრაელში დღეს უკვე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. რიში სუნაკი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ ისრაელში ამ მნიშვნელოვან დროს. უპირველეს ყოვლისა, აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელის და თქვენი ხალხის მიმართ. თქვენ განიცადეთ ენით აღუწერელი, საშინელი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო და მე თქვენთან ერთად ვართ. მოუთმენლად ველოდები შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პროდუქტიული შეხვედრები," - ამბობს რიში სუნაკი.  

მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი, ჯამილა ალ-შანტი, პირველი ქალი, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს.

დღის ამბები