29 ივნისი 2024,   11:08
ვრცლად
კანონის მიზანია შეიქმნას სისტემა, რომლითაც იმართება მეპატრონე, არ გააგდოს ძაღლი ქუჩაში, მიკედლებულ ცხოველზე კი მაქსიმალურად უნდა იზრუნოს მიმკედლებელმა და სახელმწიფომ - მაია ბითაძე

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია პარლამენტში. ინიციატივა დეპუტატებს და სპეციალისტებს მაია ბითაძემ გააცნო, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა მიუსაფარ ძაღლთა პრობლემები და მეპატრონეების გამოცდილება გახდა. ცხოველთა უფლებადამცველებს შეკითხვები და რეკომენდაციები ჰქონდათ. კითხვები ძირითადად მრავალბინიან კორპუსში ცხოველების ყოლის საკითხს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილების თემას ეხებოდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლის მიშა კაჭკაჭიშვილის განცხადებით, რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება, სადაც ყველა მეპატრონე შეძლებს საკუთარი ძაღლის დარეგისტრირებას.

"კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ერთიანი ელექტრონული სისტემა, სადაც ყველა მეპატრონე დაარეგისტრირებს საკუთარ ძაღლებს და ვეტერინარულ კლინიკებს ვალდებულება ექნებათ, რომ მხოლოდ დარეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს ამ პროცესებზე, რადგან უკანასკნელ წლებში, უფრო მეტი გამოგდებული ცხოველი გხვდება ქუჩაში და უფრო მეტი მეპატრონე ატარებს დაურეგისტრირებელ ცხოველს, როგორც ვეტერინარულ კლინიკაში, ასევე ქუჩაში. ჩვენი სამსახურის მიერ მოხდება ამ ყველაფრის კონტროლი", - განაცხადა მიშა კაჭკაჭიშვილმა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი შეიქმნას სისტემა, რომლითაც იმართება მეპატრონე, რომელმაც არ უნდა გააგდოს ძაღლი ქუჩაში, ხოლო მიკედლებულ ცხოველზე მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რეგისტრირებულმა მიმკედლებელმა და სახელმწიფომ.

"ჩვენ კანონპროექტის პირველადი ვერსია განვიხილეთ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად. ვფიქრობ, რომ წარმატებით ჩაიარა და აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს იმ ადამიანების ძალიან ფართო სპექტრი იყო მოწვეული, რომლებიც კანონპროექტის განხილვის დროსაც იყვნენ ჩართულები და რომლებსაც ნამდვილად, გულით უნდათ, რომ კანონი იყოს მიღებული.

შეხვედრის დროს გამოითქვა საკმაოდ საინტერესო შენიშვნები ტექნიკური თვალსაზრისით. ბუნებრივია, მათ უმრავლესობას ჩვენ გავითვალისწინებთ და ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, მათ შორის, დამსწრე საზოგადოების მხრიდან, რომ ის ცრუ აჟიოტაჟი, სიმულაციები და განზრახი მცდელობა იმისა, რომ კანონის მიღების პროცესი დააზიანონ, მათ შორის, ტყუილის გავრცელების კუთხით, რასაც მასიური ევთანაზიის შემოღება ჰქვია, ან ძაღლების ქუჩაში გაყრის პროვოცირება ჰქვია, დღევანდელ შეხვედრაზე ამ ყველაფერს პასუხი გაეცა და ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ამ კანონის მიზანია, შეიქმნას სისტემა, რომლითაც იმართება მეპატრონე, რომელმაც არ უნდა გააგდოს ძაღლი ქუჩაში, ხოლო მიკედლებულ ცხოველზე მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რეგისტრირებულმა მიმკედლებელმა და სახელმწიფომ მანამდე, სანამ ჩვენ არ შევქმნით ისეთ სისტემას, სადაც ძაღლი ქუჩაში არ არის გაგდებული", - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები