29 ივნისი 2024,   11:01
ვრცლად
7 წელი, მისჯილი 9 წლის ნაცვლად - ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტი თავისუფალია

პენიტენციური დაწესებულების კარი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გუშინ საღამოს, 21:17 საათზე გაიღო. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის დასკვნის საფუძველზე, ციხიდან გამოსული დეკანოზი ქობულეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რეანიმობილით გადაიყვანეს. მამალაძეს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, გუშინ ღამით კი თქვა, რომ, პირველ რიგში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას აპირებს.

დეკანოზის ოჯახის მთავარ მიზანს ახლა უკვე ყოფილი მსჯავრდადებულის გამოჯანმრთელება და სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა წარმოადგენს. თორნიკე მამალაძემ, დღეს, "კურიერს" უთხრა, რომ დეკანოზი ფიზიკურად დაუძლურებულია, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს და უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.

გიორგი მამალაძემ პენიტენციური სამსახურის ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას 2023 წლის ნოემბერში მიმართა. დეკანოზის ადვოკატების ინფორმაციით, საბჭომ მხედველობაში მამალაძის ჯანმრთელობის საყურადღებო მდგომარეობა მიიღო, შეისწავლა მისი ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი, თანხმობას აცხადებდა მსჯავრდადებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე. საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შედეგად, დეკანოზმა საპატიმრო 1 წლითა და 9 თვით ადრე დატოვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინში, ილია მეორესთან მიემგზავრებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას, ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი" ამოიღეს. საგამოძიებო უწყების განცხადებით, გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას აპირებდა. ე.წ. ციანიდის საქმეში, მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

დღის ამბები