ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ამის შესახებ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სოციალურ ქსელში წერს.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გასაწევად," - განაცხადა ევროპის საბჭოს გენმდივანმა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციისთვის ვენეციის კომისიას მადლობას უხდის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას "უცხოური გავლენის" კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ," - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში.