16 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია - ოპოზიცია მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც ერთ-ერთი ევროკომისრის ზარს პრემიერ-მინისტრის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციურ პარტიებში აღნიშნული განცხადების არ სჯერათ და სხვა თემების გადაფარვის მცდელობაზე საუბრობენ.

"იცოდეთ, ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელსაც კობახიძე მუდმივად იყენებს, იმისთვის, რომ მათთვის დამანგრეველი გზავნილი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა, ეს თემა უნდათ, რომ გადაფარონ. დანარჩენი, მთელი შინაარსი იქნება სისულელე. თუ ეს არ გაჭრის, კიდევ სხვას მოიფიქრებენ," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

ამასთან, "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კობახიძის განცხადება კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა.

"ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ ადამიანებს სიცილის ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს, თუმცა, მინდა, გაგაფრთხილოთ, სწორედ ეს არის რუსული დეზინფორმაცია. მას აქვს ძალიან შორს მიმავალი, ძალიან მავნებლური მიზნები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით კი, ხელისუფლებას მოახლოებული სანქციების ეშინია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას მასთან ის ზომები ჩამოთვალეს, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შესაძლოა მოჰყვეს. ამბობს, რომ, ამ კონტექსტში, მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უხსენეს. "როდესაც შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია," - წერს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები