საქართველოზე იმსჯელებს ბრიუსელი, ორშაბათს 27 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე შეტანილია.
მინისტერიალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისარი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
კიდევ ერთ ევროკომისარს კი, რომელიც საქართველოს დიდ მეგობრად მიიჩნევა, განმარტებების გაკეთება უწევს. ოლივერ ვარჰეიმ თავად თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოზე თავადსხმა მან უხსენა, თუმცა ევროკომისარი მის სიტყვებს კონტექსტიდან ამოღებულს უწოდებს.
სახელისუფლებო პარტიისთვის ევროკიმისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ირაკლი კობახიესთან სატელეფონო საუბრის შინაარსზე გაკეთებული განმარტება, აღიარებაა. დეტალებზე საუბრის მიუხედავად, მმართველი პარტიის პოზიცია უცვლელია და მიიჩნევენ, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ნათქვამი მუქარასთან ერთად შანტაჟსაც შეიცავდა.
ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, პრემიერის მიერ სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გახდა ცნობილი. მთავრობის მეთაურმა ევროკომისართან დიალოგის შინაარსი ვინაობის დასახელების გარეშე გაასაჯაროვა. ირაკლი კობახიძის განცახდებით, სატელეფონო კავშირის დროს ითქვა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელი პოლიტიკოსები გარკვეული ზომებს მიიღებდნენ, ამავე კონტექსტში კი ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. სწორედ ამ მაგალითის დასახელება აღიქვა მთვარობის მეთაურმა მუქარად.
ოლივერ ვარჰეიმ თავად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო კომუნიკაცია მას ჰქონდა. ევროკომისარმა წუხილი გამოთქვა, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ოლივერ ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის პრემიერის ტრაგიკული შემთხვევა ირაკლი კობახიძესთან იმის მაგალითად იქნა მოყვანილი, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოაგდოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ - თუნდაც ევროპაში.
ევროკომისრის მხრიდან შანტაჟს და შესაძლო გაფრთხილებას ოპოზიცია გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ოლივერ ვარჰეის სურვილი მხოლოდ სიტუაციის დარეგულირება იყო.
გუშინ გასაჯაროვებული ინფორმაციის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრიობენ, რომ დადასტურდა, თუ რამენად რეალურია გარკვეული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა ქალაქ ჰანდლოვის ცენტრში 15 მაისს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას 5 ჭრილობა მიაყენეს. ბოლო 20 წელიწადში რობერტ ფიცოს შემთხვევა პირველი სერიოზული თავდასხმა ევროპის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერზე. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მომხდარმა სლოვაკეთის საზოგადოებაში არსებული განხეთქილებისა და პოლარიზების სიმძაფრე აჩვენა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.