17 ივნისი 2024,   20:49
ვრცლად
"პრეზიდენტის შეთავაზება ჩვენთვის არის საინტერესო" - ოპოზიციის დიდი ნაწილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ხელს მოაწერენ

რომელი ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელმაც ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესთავაზა - პრეზიდენტმა პარტიებს ქართული ქარტია წარუდგინა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ, ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს. იმუშავებენ რეფორმებზე, რის მერეც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე თქვა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს. პრეზიდენტის სულისკვეთებას იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაში." ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ერთობა.

"ნაციონალური მოძრაობა" იზიარებს სულისკვეთებას, შესაბამისად, ამ ქარტიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა იქნება. "ნაციონალური მოძრაობისთვის მისაღებია" კიდევ უფრო მეტი, სიღრმისეული ერთობა და ჩვენ ამის მომხრე ვართ, რა დაკვეთაც არის ხალხში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იქნება პარტიული, ეს არჩევნები იქნება სახელმწიფოებრივად ეროვნული არჩევნები. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთობა," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივა ასევე მისაღებია პარტია "ახალის" წევრებისთვისაც.

"ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება უფრო მეტი დისკუსია, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, პარტნიორებთან და მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა ძირითადი საკითხები, რომელიც თავმოყრილია და ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემდგომმა ხელისუფლებამ უარი რუსული პოლიტიკის გავლენისგან გავლენისგან, მე ვფიქრობ შესრულებადია," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

რაც შეეხება "ლელოს," სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება მათთვის საინტერესოა.

"პრეზიდენტის შეთავაზება ჩვენთვის არის საინტერესო. გარკვეული დეტალები არის, რომელზეც ცხადია, რომ ყველას პარტიას აქვს სურვილი რომ მსჯელობა შედგეს, მაგრამ პრინციპების დონეზე ჩვენ "ლელო" ყოველთვის ვუერთდებოდით ყველა ინიციატივას, რაც გულისხმობს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას. ცხადია, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ინიციატივას," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები