16 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
როდის ამოქმედდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და რა პროცედურებია საჭირო ძალაში საბოლოოდ შესასვლელად

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი 5 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. უარის შემთხვევაში, კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

როგორია კანონის ამოქმედების პროცედურა - ამ საკითხზე "კურიერი" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს ესაუბრა.

დეპუტატის ინფორმაციით, კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2 თვეში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრი უნდა შექმნან.

რეესტრის ამოქმედებიდან 1 თვის (კანონის ამოქმედებიდან 90 დღის) შემდეგ, რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზაციებს დაეკისრებათ ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დეკლარაცია დახარვეზდება, ორგანიზაციას აქვს 1 თვიანი ვადა მის გამოსასწორებლად. თუკი ორგანიზაცია ამ ვადაში ხარვეზს ვერ აღმოფხვრის, გათვალისწინებულია ჯარიმა, თავდაპირველად, 10 000 ლარის, ხოლო შემდეგ - 20 000 ლარის ოდენობით.

"ეს ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ისინი ისედაც გამჭვირვალენი არიან. თუ ისედაც გამჭვირვალედ მუშაობ, თუ ისედაც, მათი მოსაზრებით, ისინი კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებენ, მაშინ როგორ შეიძლება, გამჭვირვალობას გამოუცხადო დაუმორჩილებლობა?!"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო გუშინ, 28 მაისს დაძლია.

დღის ამბები