16 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება - პრემიერი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო ცხრა პროცენტი.

"მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო 4,8 პროცენტი წლიური ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება 4-თვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები და დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო დავეხმაროთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენ ქვეყანაში და ამ ზრდას ახალი იმპულსები მივცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა სიღარიბის განახლებული მონაცემები 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე არის 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

"აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 "როცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები