16 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს, ასეთ ორჯონიკიძეებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს, თუ არა მოსაწონი - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის სურვილი არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება და დემოკრატია.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი განხილვაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეულ “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-ს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძისა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის ყოფნას გამოეხმაურა.

“წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტში აშშ-ის მოქალაქე ჩამოვიდეს და ჩვენებას აძლევდეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ? წარმოგიდგენიათ აშშ-ში რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე?! - სამწუხაროა, რომ იმას, რასაც თვითონ ამერიკელი კონგრესმენები თუ, ზოგადად, ამერიკელები ჩათვლიდნენ საკუთარი ქვეყნის ღალატად, აკეთებინებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში, დედაქალაქში. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.

ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციის და ენჯეოების სიმბიოზი, რომელიც ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები არიან, კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან.

ქვეყნის პოლიტიკას თუ საგარეო კურსს განსაზღვრავს და აფასებს ქართველი ხალხი. არც ერთი უცხო ხალხი ამას არ აფასებს. ეს ჰგონიათ ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს. ასეთ ორჯონიკიძეებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს, თუ არა მოსაწონი. საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონგრესმენებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ და “megobari act-ზე“ იმსჯელეს.

“შტატები არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას და საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ,“ - ასეთია მათი მთავარი გზავნილი. სხდომაზე უილიამ კორტნიმ რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა. კონგრესში ე.წ. მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ ნატალია საბანაძე და ივანე ჩხაიძე, რომლებმაც სანქციები და ვიზების შეზღუდვა მოითხოვეს. მათ “ქართულ ოცნებას“ მოღალატეები უწოდეს.

დღის ამბები