გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. ყოველწლიურ დოკუმენტს მხარი 103 ქვეყანამ დაუჭირა.
წინააღმდეგი იყო 9, 52 კი თავი შეიკავა. ისტორიაში პირველად, რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არის სომხეთიც. შარშან იგივე შინაარსის დოკუმენტს გაეროში 100 მომხრე ჰყავდა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სტავროს ლამბრინიდისის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტების მოგვარებას საქართველოში.
“ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტების მოგვარებას საქართველოში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული მუდმივი ჰუმანიტარული გამოწვევების გამო. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დევნილთათვის საცხოვრებლის უზრუნველყოფის გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის,“ - ლამბრინდისის.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ადამიანზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.
“ამ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანი უცვლელია: გადაწყდეს იმ იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილები მრავალგზის ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით დასრულდა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ადამიანზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკურ მიდგომებზე, მშვიდობის დამყარებისა და ომისგან დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ეფექტიან ინსტრუმენტებზე. მთავრობა ასევე განაგრძობს ისეთი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას როგორიცაა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“- აცხადებს დავით ბაქრაძე.