16 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ამერიკული "მეგობარი აქტი" ჰელსინკის კომისიაზე განიხილეს - ფერადი რევოლუცია, სავიზო შეზღუდვები თუ ფინანსური სანქციები, ვაშინგტონში თბილისის საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ

"მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ვიზების შეზღუდვების შესახებ, რომელიც მიმართულია ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას," - ეს სიტყვები საქართველოს "მეგობარი აქტის" ავტორმა ჯო ვილსონმა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე თქვა. კონგრესმენმა, აქტის განხილვის დროს, რომელსაც საქართველოდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა მკაცრი ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

"მეგობარი აქტის" ინიციატორის აზრით - სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ზეწოლა ხელისუფლებაზე, აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობებს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო სტაბილურს გახდის.

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული იყო უილიამ კორტნი. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და, ამჟამად, გიული ალასანიას უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, საქართველო 2014 წლის უკრაინას შეადარა. კორტნის აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ქართულ საზოგადოებას მოქმედება მეიდნის სცენარით მოუწიოს. ყოფილი ელჩისთვის ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილება მისაღებია.

ყოფილი დიპლომატის მოსაზრებებს იზიარებს ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი თბილისში. პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ საზოგადოებას რევოლუციის კანონიერი უფლება აქვს. უილიამ კორტნის გავლენიან ფიგურად მიიჩნევენ "ლელოში", თუმცა მის რევოლუციურ იდეას არ ეთანხმებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ ოპოზიციისა და უილიამ კორტნის ხედვების თანხვედრა. კანონმდებლების თქმით, კორტნი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის დედის პარტნიორია, რაც მის მიკერძოებას ადასტურებს. პოლიტიკოსების აზრით, კონგრესში მიმდინარე განხილვამ და ქართული ოპოზიციის რეაქციებმა ყველა ის პირი გამოააშკარავა, რომელიც მზადაა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედოს.

"ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის" სხდომაზე, "მეგობარი აქტის" განხილვას ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად საქართველოდან ოპოზიციური და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები