საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. “ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი კონგრესში მეგობარი აქტის ინიციატორია.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ჩვენს მეგობრობას, აფართოებს დახმარებას და მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას, იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც ჩაგრავს ქართველ ხალხს,“ - ნათქვამია წერილში.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის კონგრესს ასევე სთხოვენ, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება.
ოპოზიციის წერილს მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მტრებს საზოგადოება პასუხს არჩევნებზე გასცემს.
“ოპოზიცია ახლა რა მდგომარეობაში იმყოფება ეს რადიკალები, შეგიძლიათ გვარამიას კითხოთ და გვარამია გეტყვით, მაგან იცის რეალური მდგომარეობა სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია, კარგი შეფასებები აქვს გაკეთებული და იქ არიან ნამდვილად.
რაც შეეხება დემოკრატიას, ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება. დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დღეს ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები, დღეს ბიზნესი არ რეკეტდება როგორც ხდებოდა 2012 წლამდე და რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 2012 წლამდე, როდესაც ეს რადიკალები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს რომ წარმოადგენენ და რეალობაში სააკაშვილის წიაღში აღმოცენებული ინდივიდები არიან, ყველას თავისი ფუნქცია რომ ჰქონდა მისი მმართველობის პერიოდში და აუბედურებდნენ ხალხს. საზოგადოებამ კარგად იცის რა ხდებოდა მაშინ, თუმცა გარედან შეფასებები იყო თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო ეს ყველაფერი.
ეს ორმაგი სტანდარტი და რეალობა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ როგორც ყველა არჩევნებზე, საზოგადოება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მტრებს გასცემს შესაბამის პასუხს,“ - აცხადებს კახა კალაძე.