“ვინც ეწინააღმდეგება პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს პროპაგანდას,“- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, რომელიც კანონპროექტს “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ არაკონსტიტუციურს უწოდებს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი არ განსჯის არცერთი ადამიანის ცხოვრების წესს, უბრალოდ საზოგადოებას პროპაგანდის მავნე გავლენისგან იცავს.
“ვინც ეწინააღმდეგება პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს პროპაგანდას. ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა - ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება ვერ გადაიხედება, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად ცხოვრების წესისა, ჩვენი საქმე არ არის სხვისი ცხოვრების წესის განსჯა.
რაც შეეხება პროპაგანდას - პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე, დასავლეთის სივრცეში, ეს სტატისტიკითაც დასტურდება. იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული ასეთი პროპაგანდისგან, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი კანონის მიღება. როცა ამას უპირისპირდება ოპოზიცია, ჩანს რა არის მათი რეალური მიზანი,“- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.