ცესკოს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანგალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ცესკო და უმჯობესი იქნება განმარტოს რაზე საუბრობს.
“მე ვერ გავიგე, რა უნდა ცესკოს საერთოდ, მართლა ვერ ვხვდები. ეს განცხადება მგონი ერთი ცენტრიდან იწერება. რა გარე ძალებზე ლაპარაკი, ერთი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას - რუსეთი. რუსეთს გულისხმობს ცენტრალური საარჩევნო კომისია?! - ცესკომ ახლა კეთილი ინებოს, ცოტა დაფიქრდეს, რაზეა ლაპარაკი. არჩევნები არ დაწყებულა და “ქართული ოცნება“ გადავიდა ღიად ოპოზიციური ლიდერების ცემაზე, სახლთან ჩასაფრებაზე, ტელეფონზე დარეკვაზე. ბუნებრივია, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის რეპეტიცია და “ქართული ოცნება“ აპირებს ასეთი არჩევნების ჩატარებას,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდებს “საქმით დაკავდეს და ნუ გაიმეორებს “ქართული ოცნების“ პროპაგანდას“. მისივე თქმით, ცესკოს წარმომადგენლებმა “მიხედონ საქმეს და შეეშვან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.“
რაც შეეხება “გირჩს,“ ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ყველა პარტიამ იზრუნოს იმისთვის, რომ მათი ხმები დაცული იქნება.
ცნობისთვის, ცესკო არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გავრცელებაზე საუბრობს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი შეფასებები ვრცელდება ქვეყნის გარეთაც, რაც საარჩევნო პროცესს აზიანებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.