“რეფორმების“ ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება“ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად იყენებს.
მისივე თქმით, კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მას მხარს არ დაუჭერს.
“ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ კანონს, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ჩემი ხმა არ ექნება. მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ ქალის და კაცის ქორწინება არის ოჯახი, ამ თემით დამატებით მანიპულირება და დასავლეთის წარმოჩენა გარყვნილების ბუდედ, ეს “ქართული ოცნების“ მხრიდან გაჩაღებული კიდევ ერთი ანტიდასავლური კამპანიაა,“- აცხადებს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.