“ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ქართული კანონპროექტი გაცილებით ლოიალურია, ვიდრე სხვა, მსგავსი კანონები, რომელიც აშშ-ის ძალიან ბევრ შტატში მოქმედებს.
მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულების და ახალგაზრდების დაცვაა მავნე ზეგავლენისგან.
“კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ახლა ვფიქრობთ, გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც ამერიკის ძალიან ბევრ შტატშია. არის ბევრად რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში ან უნგრეთში. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულების და მათ შორის, ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან. არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ვაპირებთ და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, პერიოდულად, ისინი ამბობენ, რომ დებულებებს, რომლებიც აქ არის ჩაწერილი მიესალმებიან, თუმცა მხარდაჭერაზე თავს იკავებენ. სავარაუდოდ, ელოდებიან რა ბრძანებას მისცემენ მათი უფროსები დასავლეთიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.