16 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ჩვენი ინიციატივა ემსახურება ოჯახური სიწმინდისა და არასრულწლოვანების დაცვას მავნე ზეგავლენისგან - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი ოჯახური სიწმინდის და არასრულწლოვანების დაცვაა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ გარკვევით უნდა თქვას, თუ კონკრეტულად რა არ მოსწონს ამ კანონპროექტში.

“ჩვენი ინიციატივა ემსახურება ორი მიზნის განმტკიცებას - ეს არის ოჯახური სიწმინდის და არასრულწლოვანების დაცვა მავნე ზეგავლენისგან.

ჩვენ გვაინტერესებს ოპოზიციას კონკრეტულად რომელი ჩანაწერი მოსწონს ან არ მოსწონს ამ ინიციატივაში?! როდესაც ისინი გაურბიან კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას, მაგრამ ვერ გაექცევიან შედეგებს და განაჩენს, რომელსაც მათ თავისივე ამომრჩეველი გამოუტანს, ვინაიდან საკონსტიტუციო განხილვებმა აჩვენა, რომ მათი მხარდამჭერებიც კი იზიარებენ ამ ინიციატივის მიზნებსა და ამოცანებს, შესაბამისად, ვერც ბოიკოტი ვერ იქნება თავშესაფარი, ვინაიდან ბოიკოტი პარლამენტის რეგლამენტით გულისხმობს კონკრეტული საკითხების ბოიკოტირებას და არა მათ ნება-სურვილზე დამოკიდებულ პროცესებს.

ამიტომ, ეს საკითხიც იქნება ლუსტრაციისთვის საუკეთესო პროცესი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს ვის რა ღირებულებები გააჩნია და ვის რა მიზნები, ამოცანები ამოძრავებს,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.

დღის ამბები