"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია, თუმცა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მხარდაჭერას მაინც არ აპირებს. პაატა მანჯგალაძის მსგავსად, კანონპროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობას არ გეგმავს არც თეონა აქუბარდია.
კანონპროექტი, რომელიც, ოპოზიციის შეფასებით, წინასაარჩევნო პროექტია, საპარლამენტო უმრავლესობისთვის საზოგადოების დაკვეთის შესრულებაა. "ხალხის ძალაში" მიიჩნევენ, რომ კანონის მიზანი, როგორც ოჯახური ღირებულებების, ასევე არასრულწლოვანების ე.წ. ლგბტ პროპაგანდისგან დაცვაა.
კანონპროექტში არსებულ გარკვეულ დებულებებს ეთანხმება გახარიას პარტია და "გირჩი". თუმცა, კანონის მხარდაჭერას მაინც არცერთი არ აპირებს. ერთადერთი, რასაც "გირჩი" არ გამორიცხავს, განხილვის პროცესში ჩართვაა.
ოპოზიციის ბოიკოტი არგუმენტი არ არის სახელისუფლებო პარტიისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტებს რეგლამენტსაც ახსენებს და მიიჩნევს, რომ, ამ გზით, ოპოზიციონერი დეპუტატები ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვას არიდებენ თავს.
საკანონმდებლო ორგანოში დებატების საგნად ქცეული კანონპროექტის მიზანი, დღეს, პრემიერ-მინისტრმაც განმარტა.
ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც პარლამენტში მმართველმა გუნდმა დააინიციირა, საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.