უკვე მეორე დღეა, რაც შეერთებული შტატების კონგრესში ე.წ. MEGOBARI ACT-ის განხილვის პროცესში მონაწილე ქართული ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები კრიტიკის ობიექტები არიან. ჰელსინკის კომისიის მიერ ინიციირებულ აქტს არამეგობრული, ქართული მხარის მონაწილეობას კი, მოღალატეობრივი უწოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"MEGOBARI ACT-ის" განხილვას კონგრესში, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანად მიიჩნევს ოპოზიცია. პოლიტიკოსები, აქტის განხილვის დროს, ივანე ჩხიკვაძისა და ნატალია საბანაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სრულად იზიარებენ. სანქციები, საერთაშორისო ზეწოლა და ე.წ. ფერადი რევოლუციის ალბათობა - ეს ის საკითხებია, რომელიც ჰელსინკის ჯგუფის ინიციატივის განხილვის დროს ისმოდა.
იქნებოდა თუ არა მისაღები სანქციებზე საუბარი და მსგავსი განხილვა რომელიმე სხვა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პარლამენტში რომ შემდგარიყო - ამ კითხვაზე დღეს ოპოზიციიდან პასუხის გაცემა მხოლოდ თეონა აქუბარდიამ ისურვა. დეპუტატის თქმით, მესამე სექტორისა და პოლიტიკოსების ჩართულობა მხოლოდ თანამშრომლობის თემატურ საკითხებზეა დასაშვები.
მორიგი ლუსტრაცია - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა "MEGOBARI ACT-ის"განხილვას შეერთებულ შტატებში. კანონმდებლებმა დღეს, ქართველი მომხსენებლების გარდა, უილიამ კორტნის სიტყვებიც გაიხსენეს. შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში არ გამორიცხა, რომ ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შესაძლოა მეიდნის სცენარი განმეორდეს. უმრავლესობის თქმით, კონგრესში გამოთქმული იდეები, რეალურად, საქართველოს დასჯის სურვილს ააშკარავებს, რასაც ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ოქტომბერში ადეკვატურ პასუხს გასცემს.
ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო წრეების წარმომადგენელმა, კონგრესმენებთან ერთად, "ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის" სხდომაზე, "MEGOBARI ACT-ი" ორი დღის წინ განიხილეს.