16 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ვიზების შეზღუდვის ამოქმედება არასერიოზული იქნება, სამართლიანობას მოკლებული გადაწყვეტილებები საზოგადოებაში პროტესტისა და უსამართლობის განცდას იწვევს - რატი იონათამიშვილი

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვიზების შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზული იყო, შესაბამისად, მისი ამოქმედებაც არასერიოზული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, გადაწყვეტილებები, რაც ობიექტურობასა და სამართლიანობას მოკლებულია, საზოგადოებაში პროტესტისა და უსამართლობის განცდას იწვევს.

"ამ დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად ფაქტობრივად, ერთი და იმავე შინაარსის ბრიფინგებს ვისმენდით, მაგრამ სიაზე საუბარი ისევ ტაბუირებული და იდუმალია, მაშინ, როდესაც მოსამართლეებთან დაკავშირებით გვახსოვს, თავად საქართველოში ამერიკის ელჩმა გააკეთა ვიდეომიმართვა და იქ ამცნო საზოგადოებას, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებდა შესაბამის პირებს. ეს მაშინაც კონტრპროდუქტიული იყო და ახლაც კონტრპროდუქტიული იქნება ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ვინაიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლებულია ობიექტურობას და სამართლიანობას საზოგადოებაში იწვევს პროტესტს და უსამართლობის განცდას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი შეცდომები არ იყოს საქართველოს მიმართ დაშვებული, როგორიც იყო მაგალითად, 1991 ან 2008 წლებში, რომლის შედეგები არა მარტო საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე უფრო მეტად აისახა. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ ასე იქნება.

საქართველოსა და საფრანგეთში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პროცესმა შექმნა ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. კერძოდ, ფრანგული, რომელიც ბევრად უფრო მკაცრი და მძიმე რედაქციაა ქართულთან შედარებით, საერთაშორისო აქტორებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, საქართველოს მიმართ კი გვესმოდა და გვესმის საკმაოდ არაობიექტური ზეწოლის და კრიტიკის მცდელობები. თუმცა, ამას ჩვენზე არ უმოქმედია, ვინაიდან, როდესაც შენ შენი ქვეყნის ამოცანებით მოქმედებ არანაირ ზეწოლას და კრიტიკას შედეგის მოხდენის ძალა ვერ და არ ექნება. უბრალოდ ეს პროცესი საზოგადოებას უმარტივებს ყველაფრის შეფასებას, ვინაიდან ჩვენ ვართ ამაყი და თავისუფალი ხალხი, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ღირსებას ვინმე ლახავს ან არასათანადოდ უყურებს და აფასებს, ამაზე რეაქცია ყოველთვის გვაქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

დღის ამბები