16 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
საქართველო ევროპულ სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც 23 საფეხურით დაწინაურდა - ქვეყანა მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა

ევროკავშირის წევრ ხორვატიასთან ერთად, საქართველო ევროპულ სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც 12 წელიწადში მმართველობის თავისუფლების კუთხით 23 საფეხურით დაწინაურდა. "ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო იმ 45 სახელმწიფოს რანგში აიყვანა, რომელიც თავისუფალი მმართველობის მოდელით ხასიათდება. ორგანიზაცია 164 ქვეყანას სულ ოთხ კატეგორიად ყოფს - თავისუფალი, უმეტესწილად თავისუფალი, უმეტესწილად არათავისუფალი და არათავისუფალი. ინდექსის მინიჭების დროს, საბჭო სამართლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაჩვენებლებს ეყრდნობა.

"ატლანტიკური საბჭოს" რეიტინგებზე დღეს მმართველ გუნდშიც ისაუბრეს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ უმაღლესი შეფასება ქვეყნის სწორ ინსტიტუციურ განვითარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად ლიდერობა პოსტსაბჭოთა სივრცეში "ქართულ ოცნებისთვის" იმის დასტურია, რომ კრიტიკის მიუხედავად, ქვეყანა ევროინტეგრაციის სწორ გზას ადგას.

"ატლანტიკური საბჭოს" რეპუტაციას ენდობიან, თუმცა ახალი რეიტინგის ობიექტურობის არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუ მიმდინარე წელს საქართველომ რაიმე კუთხით პროგრესი განიცადა, ეს მდგომარეობა მომავალ წელს ნეგატიური კუთხით შეიცვლება.

ოპონენტების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, მმართველობის თავისუფლების ინდექსში ისტორიულმა წინსვლამ, ოპოზიციისა და მათი ლობისტების კრიტიკა გააბათილა.

"ატლანტიკური საბჭო" 2024 წლის თავისუფლების და კეთილდღეობის ახალი ინდექსების ოფიციალურ პრეზენტაციას 2024 წლის 25 ივნისს გამართავს.

დღის ამბები