ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც სავიზო შეზღუდვებს ეხება, საქართველოში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში სვამენ კითხვას - რატომ არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსგავსი რეაგირება წინა ხელისუფლების დროს აქციების ძალისმიერად დაშლაზე - საუბარია, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ამ მოვლენების შედარება არ შეიძლება, რადგან დღეს ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და საგარეო კურსს ცვლის.
"თქვენ პირდაპირ ეთერში უყურეთ, ათობით სპეცრაზმელი როგორ ურტყამდა ერთ ადამიანს და ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, როგორ უვარდებიან ოჯახებში ადამიანებს. ჩვენ პარტნიორებს ამაზე რეაქცია ექნებათ და, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეს აქციები უკავშირდებოდა რუსული კანონის მიღებას და ევროპული მომავლის დაცვას.
თვისობრივად სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობთ. დღეს, სამწუხაროდ, ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას, საგარეო კურსს ცვლის და უნდა ესმოდეთ, რომ ამისთვის ისინი საზღაურს მიიღებენ," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.