ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც სავიზო შეზღუდვებს ეხება, საქართველოში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში სვამენ კითხვას - რატომ არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსგავსი რეაგირება წინა ხელისუფლების დროს აქციების ძალისმიერად დაშლაზე - საუბარია, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლობაზე საუბრობს.
"ამერიკის შეერთებული შტატები იყო დემოკრატიის, სამართლიანობის გარანტი და სიმბოლო, ახლა ამ ღირებულებების დევალვაცია ხდება ჩემდა სამწუხაროდ. დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ, კანონი რატომ მიიღეო. პოლიციელებს ასანქცირებენ - წესრიგი რატომ დაიცავიო, საგიჟეთი გვაქვს. ეს ორმაგ სტანდარტსაც სცდება. ეს არის უსამართლობის, არაადეკვატურობის გამოვლინება. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მათი ქმედების შედეგია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე რეჟიმი იყო, რეალური რეჟიმი, სადაც გათელილი იყო ადამიანის უფლებები. ხომ გახსოვთ, მიტინგის შემდეგ ჯიხურზე შემოგდებული გარდაცვლილები? გახსოვთ, რომ ან სანქცია დაეწესებინათ აშშ-დან ან ეთქვათ, რომ ეს მიუღებელია და დასაგმობია? ვინმეს ახსოვს? არა.
სამაგიეროდ, საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ იმ კანონის მიღებისთვის, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების რის საჭირო. ერთი კითხვა მაქვს - მთელი ქვეყანა რომ გყავთ დასანქცირებული, ჩვენთან დაკავშირებით გასაგებია თქვენი მიდგომა და საზოგადოებამაც გაიგო ეს ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ხალხს მაინც მოუხსენით სანქციები და უვიზო მიმოსვლა დაუწესეთ. ხომ ამბობთ, რომ ქართველ ხალხს უჭერთ მხარს? ქართულ ბიზნესს მიეცით თავისუფალი ვაჭრობა,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.